"გადატრიალების" გეგმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებზე The Times სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სუს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს თბილისში არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
გამოცემა მიუთითებს, რომ კრიტიკოსები საქართველოს მთავრობას მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ, ხოლო ქართული ოცნება მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარს ამბობს - მედია აქვე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზად კიევის NATO-ში მისწრაფებას ასახელებს.
The Times წერს, რომ "ამის ფონზე" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელს, გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალს დებს "დესტაბილიზაციის მოწყობისა" და "მთავრობის დამხობის" მცდელობაში.
მედია საუბრობს სუს-ის განცხადებაზე, რომ ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა, თუმცა წერს, რომ ეს ინფორმაცია უკრაინის დაზვერვის პრესსპიკერმა, ანდრი იუსოვმა უარყო. გამოცემას წყარო ეუბნება, რომ ლორთქიფანიძე უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურში მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა ხელმძღვანელის მოადგილე არ არის.
"საქართველომ, ასევე, თქვა, რომ როგორც ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, დეკემბრის სამიტზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭებაზე ევროკავშირის მხრიდან უარის შემთხვევაში, ისინი ხალხის ბრაზს გამოიყენებდნენ.
სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილედ ასევე დაასახელეს მამუკა მამულაშვილი, პროუკრაინული მებრძოლებისგან შემდგარი ქართული ლეგიონის მეთაური. მამულაშვილმა ეს ბრალდებები უარყო", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
მედია წერს, რომ სუს-მა ეს ბრალდებები მას შემდეგ გააჟღერა, რაც უკრაინამ მთავრობას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. The Times ამ საკითხზე ესაუბრა ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ გადატრიალების შესახებ ბრალდებები საქართველოს მთავრობის მცდელობაა, მომავალი წლის არჩევნების წინ პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა განახორციელონ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".
უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.